logo
ENG



"საქართველოს დაცვის აქტი" - ლელო 9-პუნქტიან გეგმას აანონსებს

20 ნოე 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი

პარტია ლელო 9-პუნქტიან გეგმას აანონსებს, რომელსაც ხვალ მათი ფრაქცია პარლამენტში დაარეგისტრირებს. როგორც ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, "საქართველოს დაცვის აქტის" მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

"ქართული ოცნების მთავრობა მუდმივად წინ აყენებს რუსეთს, სწორედ საქართველოს მთავრობამ დასვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, სწორედ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა გაეტანა რუსული კანონი, რომ ჩვენი ხალხი დაედუმებინა. მათ გააუქმეს სავიზო რეჟიმი და აღადგინეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, რიტაც ხელი შეუწყვეს რუსების შემოსევას საქართველოში.

რუსები დღეს თავისუფლად ყიდულობენ ჩვენს მიწებს, იტაცებენ სამუშაო ადგილებს, ავითარებენ რუსულ ბიზნესებს, ხელს უწყობენ ფასების ზრდას. ქართული ოცნება აკეთებს ფულს მოსკოვში, იღებს რჩევებს პუტინისგან და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, რომ მოემსახუროს ქართველ ხალხს.

ლელოში ჩვენ გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს ლელო აცხადებს 9-პუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი, საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა და საჭიროებები იქნას გაგონილი.

ხვალ ლელოს საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს საქართველოს დაცვის აქტს, 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში", - განაცხადა მან.

ლელოს წარმოდგენილი გეგმა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  1. ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება - სავიზო რეგულაციების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;

  2. დასაქმების ბაზრის დაცვა;

  3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა;

  4. რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა;

  5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;

  6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;

  7. რუსეთთან ფრენების აკრძალვა;

  8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;

  9. რუსული ფონდების აკრძალვა.


close დახურვა